სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭომ (ICAO) რუსეთი 2014 წლის ივლისში, მალაიზიის ავიახაზების MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში პასუხისმგებლობა დააკისრა.
ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელმაც ICAO-ში ავსტრალიასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დაიწყო დავა.
ICAO-ს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მიერ 2022 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ინიცირებულ დავაზე, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს MH17 რეისის ჩამოგდებას ეხებოდა.
განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება ორშაბათს, 12 მაისს, ICAO-ს საბჭოს წევრებმა კენჭისყრით მიიღეს და საბჭოს წევრების „მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ“ მხარი დაუჭირა ნიდერლანდებისა და ავსტრალიის პოზიციას.
შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს რუსეთის მხრიდან კომპენსაციის ფორმის განსაზღვრა. პირველ რიგში, ICAO-მ უნდა დაავალდებულოს რუსეთი, დაიწყოს მოლაპარაკებები ნიდერლანდებთან და ავსტრალიასთან და ხელი შეუწყოს ამ პროცესს.
„ეს მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოლაპარაკებები წარიმართოს კეთილსინდისიერად და კონკრეტული გრაფიკის შესაბამისად და მიგვიყვანოს რეალურ შედეგებამდე“, - განმარტავს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების MH17 რეისი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურისკენ მიფრინავდა, ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, დონბასის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დროს. კატასტროფის შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი, მათ შორის 196 ნიდერლანდელი.
2022 წლის 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სამ პირს – იგორ გირკინს, სერგეი დუბინსკისა და ლეონიდ ხარჩენკოს თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ინციდენტის დროს რუსეთი აკონტროლებდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას.