საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინა პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაში დაეხმაროს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება მიღწეული. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონმა გამოთქვა რწმენა, რომ მოკავშირეები შეძლებენ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების მიღწევას.
მაკრონის თქმით, მათი მიზანია უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ერთიანობის დემონსტრირება სრულმასშტაბიანი ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
„თუ ყველანი მტკიცედ დავრჩებით იმასთან დაკავშირებით, რომ ეს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არის ის, რასაც თქვენ თვეების განმავლობაში ეუბნებოდით მსოფლიოს, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ დავიწყებთ პირდაპირ მოლაპარაკებებს უკრაინასა და რუსეთს შორის, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება დაცული, დამატებით „გაცილებით მკაცრი“ სანქციები დაწესდება.