სენატში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ 70-ზე მეტი სენატორი მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ახალ „დამანგრეველ“ სანქციებისა და გიგანტური ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვს ეხმარებიან. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ლინდსი გრეჰმმა განაცხადა, რომ აშშ-ის სენატის 72 წევრი მზადაა, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ ახალი „დამანგრეველი“ სანქციების შესახებ, ასევე უზარმაზარი გადასახადების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ენერგორესურსებს და სხვა პროდუქტებს, რომლებიც მისი ექსპორტის საფუძველს წარმოადგენს, თუ ვლადიმირ პუტინი კვლავაც თავს აარიდებს სერიოზულ მოლაპარაკებებს ომის დასასრულებლად.
მისი თქმით, პროექტი წარმომადგენელთა პალატაშიც საკმარის მხარდაჭერას მიიღებს.
„მიზანია, დავეხმაროთ პრეზიდენტს“, - თქვა გრემმა.
პროექტის თანახმად, 500%-იანი ტარიფები უნდა დაუწესდეს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, გაზს ან ურანს შეიძენენ.
„მსურს, ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდეს, რათა ის სამართლიანი იყოს... ვფიქრობ, ტრამპი საუკეთესოა ამ მიზნის მისაღწევად. თუმცა, ეს სანქციები ასახავს სენატის პოზიციას, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთი ცუდი ბიჭია“, - თქვა გრემმა.
მან დასძინა, რომ პუტინის მხრიდან „ძალიან დიდი შეცდომა“ იქნებოდა ტრამპის მოტყუების მცდელობა, ამიტომაც შეიქმნა აღნიშნული პროექტი.
„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მივა დასკვნამდე, რომ ჩიხში ვართ, მოემზადეთ მოქმედებისთვის“, - თქვა გრემმა და აღნიშნა, რომ პუტინს შემდეგ მოუწევს არჩევანის გაკეთება ომის დასრულების სერიოზულ მოლაპარაკებებსა და რუსეთის ეკონომიკის განადგურებას შორის.