„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ვალენსიაში გაიმართა, სადაც ბოკუჩავა „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე დასასწრებად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს თინა ბოკუჩავამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს მომავალზე, უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე ისაუბრეს.
„პარტიის თავმჯდომარემ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და უპირობო გათავისუფლების აუცილებლობაზე, საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის თაობაზე, ისევე როგორც უახლოეს მომავალში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.