აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ჩქარობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინსტრუმენტის გამოყენებას, რადგან მას ჯერ კიდევ არ ამოწურავს დიპლომატიის შესაძლებლობები. ამის შესახებ რუბიომ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
წამყვანმა რუბიოს ჰკითხა, მიუთითებს თუ არა ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ ახალი ამერიკული სანქციების შესაძლებლობაზე.
სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა.
„პრეზიდენტმა იცის, რომ მას ეს ვარიანტები აქვს, მას მუდმივად ეკითხებიან მათ შესახებ. მაგრამ მას სინამდვილეში სამშვიდობო შეთანხმება სურს. მას სურს, რომ სიკვდილიანობა და მკვლელობები შეწყდეს... არსებობს ვარიანტები, თუ რა ვუყოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ მშვიდობის არ სურთ. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმჯობესია, ასე შორს არ წავიდეთ, რადგან ეს დიპლომატიის კარს კეტავს... აღარ არსებობს ქვეყანა, ინსტიტუტი ან ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ამ ორი მხარის ერთ მაგიდასთან დაჯდომა. ჩვენს გარდა არავინ ესაუბრება ორივე მხარეს. და მსოფლიოში პრეზიდენტის [ტრამპის] გარდა ვერავინ მიაღწევს ამას. ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამოვწურეთ ყველა ვარიანტი, რომ არ გამოგვრჩება არაფერი, რაც შეიძლება გამოგვადგეს და მშვიდობისკენ წაგვიყვანოს,“ - განაცხადა რუბიომ.