უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, არ დაივიწყონ, ვინ არის ომის ნამდვილი დამნაშავე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ-ის ბრაზი მხოლოდ პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული“.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, არსებულ ვითარებაში მხოლოდ ერთი აგრესორია - ეს არის რუსეთი. ამიტომ, მისი თქმით, „ამერიკის ბრაზი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანისკენ პრეზიდენტ პუტინისკენ“.
მაკრონმა დასძინა, რომ „საფრანგეთის პოზიცია უცვლელია და ასე დარჩება“.
„პატივს ვცემთ რა საერთაშორისო სამართალს, ჩვენ მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის უფლების დაცვას, იცხოვროს მშვიდობიანად მათ ტერიტორიაზე და მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, „შეწყვიტოს მოტყუება“.
„ის ამბობს „მე მშვიდობა მინდა“, მაგრამ აგრძელებს უკრაინაში დაბომბვასა და ადამიანების მკვლელობას. თუ ის იტყვის „დიახ“, ხვალ გვექნება ცეცხლის შეწყვეტა“, - დასძინა მან.
24 აპრილის ღამეს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90 დაშავდა.