დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი წერს.
კალასი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას.
როგორც კაია კალასი წერს, დაჩქარებულად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ემატება ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას.
„ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს“, – წერს კაია კალასი.
დღეს საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღოს შემოწირულება.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას.