ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი პლატფორმა X-ზე წერს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს.
დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და დაამატებს არსებულ რეპრესიებს.
ასეთი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა შეიცვალოს“, - წერს მარტა კოსი.
დღეს საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღოს შემოწირულება.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას.