საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ 5 წლის ვადით რევაზ ნადარაია აირჩიეს.
"დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე აირჩია მოსამართლე რევაზ ნადარაია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა 5 წლის ვადით" - ვკითხულობთ პრესცენტრის განცხადებაში.
8 აპრილს ნადარაიამ, როგორც საკონსტიტუციოს ახლადგანწესებულმა მოსამართლემ ფიცი დადო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.
"მას აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. კერძოდ, რევაზ ნადარაია 15 წლის მანძილზე ახორციელებდა მოსამართლის უფლებამოსილებას საერთო სასამართლოებში. სხვადასხვა დროს იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პალატებში); დაბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განწესებამდე, 2021 წლიდან, რევაზ ნადარაია იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. სხვადასხვა დროს, ამავე სასამართლოში ეკავა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარის პოზიციები" - წერია 8 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში.