მეზიზღება ფრაზა-მოწოდება: „ფოკუსი გავასწოროთ“. რაღაც ინკვიზიციურია მასში და რაც მთავარია, თანხმობის ნაცვლად, უფრო მეტი განხეთქილება მოაქვს. რეაქციები გუშინდელ აქციაზე ამის ნათელი გამოხატულებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც უგულავა აღნიშნავს, „ვინც ბოლომდე და ყოველდღიურადაა ჩართული პროტესტში, ის გაბრაზებულია ყველაზე და ყველაფერზე, ის გადაღლილია“.
„ვინც „დიდ აქციებზე“ (და ასეთი უმეტესობაა) დადის, ის იმედიანად დაბრუნდა სახლში. მათ არც სცენის გარშემო რუზრუზი უნახავთ, დიდად არც სალომე ზურაბიშვილისთვის უსმენიათ. მათი დამოკიდებულებაა – მიდი, მოგყვებით. პირველი კატეგორია მეორეს ლანძღავს, ეს უკანასკნელი მხრებს იჩეჩავს – რა გნებავთ, როცა მეძახით, მოვდივართ. დანარჩენი თქვენი საქმეა. რამდენად სამართლიანია ეს ყველაფერი, სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია, ასე შევედით ამ მოჯადოვებულ წრეში, როცა იწყება „ბუქსაობა“, იწყება გადაბრალებაც. ამაში გასაკვირი არაფერია. ცხადია, ჯობს, არ ავყვეთ ამ ხაზს, მაგრამ რაც გარდაუვალია, იმაზე ნევების აშლა არაფრის მომცემია.
„ბუქსაობის“ მიზეზი რამდენიმეა. პირველი და მთავარი – ჩვენი ბრძოლა დიდი ბრძოლის ნაწილია და ცალკეულ მონაკვეთში სწრაფი გამარჯვება უფრო გამართლებაა, ვიდრე კანონზომიერება; მეორე მიზეზია – განსხვავებით წინა ორი ხელისუფლებისგან, დღევანდელს დასავლეთის სახით აღარ აქვს არანაირი „ტორმუზი“. ამ გარე მუხრუჭის გარეშე ქართული დემოკრატია სწრაფად დეგრადირებს – როგორც დღეს – ჯოჯოხეთში ვარდება; მესამე მიზეზია ამ ორი ფაქტორის უგულველყოფა და მაინც იმედი, რომ როგორც 20 წლის წინ მოვიდა ბევრი ხალხი და სწრაფად დადგა შედეგი – მოხდა „ვარდების რევოლუცია“ – ახლაც ასე მოხდება. ამ განცდას მოჰყვება ევოლუციაც – 91 წელს რუსთაველზე ტყვიები ვისროლეთ, 2003-ში – ვარდები, 2012 კი საერთოდ არჩევნებით გავისტუმრეთ რევოლუციით მოსული ხელისუფლება. არადა, სინამდვილე დღეს ისაა, რომ ჩვენ დღეს საბჭოთაზე უარესი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ოფიციალური ფსიქოპატი უდგას სათავეში და საერთოდ აღარანაირი გარე „ტორმუზი“ არ აკავებს.
რა გვანახა გუშინდელმა დღემ? ხალხი არსად წასულა. ის გაბრაზებულია. ის მოგყვება ბრძოლის იმ ალგორითმით, რასაც სთავაზობ. სად აცდა გუშინდელი დღე რეალობას?
ჩვენი მოთხოვნაა ახალი არჩევნები (პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აქ არ ვსაუბრობ. ეს მორალის საკითხია და არა – პოლიტიკის). ახალი არჩევნები ნიშნავს, რომ მასში „ოცნებაც“ მონაწილეობს, როგორც ხელისუფალი. ანუ, ახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ვთხოვთ. ოთხთვიანი პროტესტის თავზე „ოცნება“ გვეუბნება – პარტიები უნდა გავაუქმო, მედია და არასამთავრობოები უნდა ავკრძალო. ამას აკეთებს. ჩვენ ისევ ახალ არჩევნებს ვითხოვთ! რანაირად? პარტიების გარეშე არჩევნების მოთხოვნა, სულ მცირე, არაადეკვატურია. „ოცნებამ“ ერთი ოქტავით აწია თამასა, ჩვენ კი, მინიმუმ, ერთი თვით ჩამოვრჩით ცხოვრებას, მაშინ როცა ახალ არჩევნებს ვითხოვთ და სადღაც კულუარებში, გულის კუნჭულში თუ ტვინის ხვეულში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე ვფიქრობთ, ვმსჯელობთ. მეტიც, ყველა მაინც ფიქრობს, რომ მას არ აკრძალავენ, ეს აკრძალვა, ბოლოსდაბოლოს, „ნაცებზე“ გავრცელდება, ჩვენ გავძვრებით. ანუ, როცა „ოცნება“ ერთი ოქტავით მაღლა წევს, ჩვენ ან ადგილზე ვრჩებით, ან დაბლა ჩავდივართ. 2X2-ია, რომ რადიკალიზაციას რადიკალური მოთხოვნით უნდა უპასუხო, სხვანაირად გადაიჯეგები. როცა იქედან გეუბნებიან, რომ საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში „კი არ, ვერ მიიღებ მონაწილეობას, რადგან იურიდიულად პარტიები არც იარსებებთ“, ჩვენ, ქალბატონი ტრიბუნიდან მაინც ახალ არჩევნებს ვითხოვთ და ლამის კომისიის წევრების ტრენინგზე გველაპარაკებიან. ეს არასწორია. მატარებელმა ჩაიარა, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი სხვაგანაა, ჩვენი მოთხოვნა ვეღარ იქნება ახალი არჩევნები – ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს საქართველო ივანიშვილის გარეშე! ძირს ივანიშვილის ხუნტა! გადადგეს, გააჯ…ს „ოცნებამ!“ სიტყვები და ლოზუნგები თავად შეარჩიეთ, მაგრამ ალბათ ხვდებით, რომ ამ ორი წინანდადების უკან სხვადასხვა განცდა და ენერგეტიკა დგას – ერთია, ითხოვდე ახალ არჩევნებს, მეორე, ითხოვდე ამათ დამხობას. სიტყვებით იწყება ყველაფერი, მათ შორის, იოანეს სახარებაც, დგება ხალხის გაზაფხული და ახალ რეალობაში მოთხოვნამაც ერთი ოქტავით უნდა აიწიოს. პირველ რიგში, ეს მინდოდა, მე მომესმინა ტრიბუნიდან. ახალი ტალღა – ახალი მოთხოვნით. ამ ბრძოლას ჰყავს ახალი ადამიანები. ბევრ მათგანს ვიცნობდით წინა ცხოვრებაში, მაგრამ სხვანაირად აღმოვაჩინეთ. დავანებოთ თავი პოლიტიკოსებს. ეს ხალხი უნდა მდგარიყო სცენაზე. დმანისიდან სამი დღე რომ ფეხით მოდის ადამიანი, სამი წუთი უნდა მისცე სალაპარაკოდ. გაწამებულ პატიმართა მშობლებს და ხალხს, ვინც 125 დღე იქ დგას – ყველამ ვიცით მათი სახელები – უნდა მისცე ხმის უფლება. 125 დღე როცა ვდუმვართ, ახალი ფაზის დასაწყისში ბევრი ხმა უნდა გაისმას, რომ მერე ისევ მდუმარე პროტესტი გავაგრძელოთ. როგორც გუნდას ან ზვავს არ აქვს თავი და ბოლო, აქაც ასეა – ეს ერთი მსახიობის თეატრი არაა, სულ რომ გენიალურად მიყავდეს მას სპექტაკლი;
მეორე, ხალხი ცხვარი არაა. მას სჭირდება არა მოლოდ მექანიკური გეზი და ინერციით მოძრაობა, არამედ ორიენტირი.
9 აპრილი – დამოუკიდებლობის დღე, 14 – ქართული ენის დღე, 1 მაისი – მარჯვენა მარცხენას აღარ აქვს მნიშვნელობა, პროტესტისა და სოლოდარობის დღეა, 8 მაისი ევროპის დღე, 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე.
ყოველდღიური ბრძოლის პარალელურად, რაც ფუნდამენტია პროტესტის, დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე მარათონია მოსაწყობი და დაკიდებული თარიღებით გუნდიდან ზვავის ეფექტის მიღებაზე უნდა ვმუშაობდეთ. და ყოველი თარიღიდან თარიღამდე ეს პლატფორმა მანდ, რუსთაველზე უნდა ანგარიშს აბარებდეს ხალხს – რა გაკეთდა ან ვერ გაკეთდა შუალედში. ვინც ხელისუფლებაში ნამყოფია, იცის, ეს დაკიდებული თარიღები ყულფივითაა, რომელიც ყოველდღიურად გიჭერს ყელზე. გარანტია არაფრის არაა, მაგრამ ეს ბრძოლა ძიუდოსავითაა – შენი მოძრაობით მოწინააღდეგეს შეცდომას აშვებინებ და ამ შეცდომაზე წამოიკიდებ. ისინი კი მხოლოდ ჩვენი უძრაობით სარგებლობენ.
სალომე ზურაბიშვილის მიმართ პრეტენზია აქედან მოდის, მას უნდა, რომ სცენაზე მარტო იდგეს, მაგრამ პასუხისმგებლობა სხვებმა აიღონ. ჯანდაბას, ამაზეც თანახმა ვიქნებოდი, უბრალოდ, ეს ასე არ გამოდის.
რა უნდა ქნას სალომემ ამდენ გიჟში? მკითხავთ. პირველი, მე დღეს, დილით, მის ადგილზე, ავიღებდი ტელეფონს და დავურეკავდი, მაგალითად, პაატა ბურჭულაძეს, შევხვდებოდი და მოვუსმენდი. კიდევ სხვა უკმაყოფილო რამდენიმე ადამიანს დაველაპარაკებოდი. რა ქნა მან? აი, ეს მესიჯი დააგზავნა პარტიებთან გუშინ საღამოს: მოგესალმებით, ვინც პრეზიდენტს ეთანხმებით, ხვალ 13:00 საათზე გელოდებით. ეს არაა სწორი, არადა, სასწორზე მთელი ქვეყანაა. არც ცხვირის და ხელების ჩამოშვების დრო არაა და არც ცხვირის აბზეკვის. ეს ყველას გვეხება“, – წერს გიგი უგულავა.