საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში "მსურველთა კოალიციის" სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ფრანგულ-ბრიტანული მისია გაიგზავნება, რომელიც იმუშავებს უკრაინის არმიის გაძლიერებაზე.
მაკრონის თქმით, უკრაინაში „ფრანგულ-ბრიტანული ჯგუფი“ გაიგზავნება, რათა „უკრაინული არმიის ხვალინდელი ფორმატი მოამზადოს“.
მისი თქმით, უკრაინაში "შემაკავებელი ძალების" პოტენციურ განლაგებაზე მუშაობა გრძელდება.
ამ ჯარებმა პოტენციურად უნდა იმოქმედონ როგორც „შემაკავებლებმა“ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს ძალები "ევროკავშირის გარკვეული წევრი ქვეყნებიდან", რომლებიც განლაგდებიან "გარკვეულ სტრატეგიულ ლოკაციებზე" უკრაინაში.