საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი საპასუხო მატჩშიც დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა (ერევანში 3:0) და მარტის მისია ათიანზე შეასრულა: ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
"დინამო არენაზე" გამართული მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჟურნალისტებს ესაუბრა და თამაშის შეფასების გარდა, მათ კითხვებსაც უპასუხა.
„დღეს ბევრი სანაკრებო შეჯიბრებაა და გვსურს, საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ამ ეტაპზე B დივიზიონში დარჩენა გვსურდა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო B დივიზიონში დარჩენა, მაღალი დონის გუნდებთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრესისთვის. კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მეორე ნახევარში ასეთი ინტენსიობის შენარჩუნება რთული იყო, მაგრამ, საბოლოოდ, კმაყოფილი ვარ, მათ შორის, შეცვლაზე შესული მოთამაშეებით.
არის თუ არა მიქაუტაძე საუკეთესო ფორმაში? დიახ, ასეა. მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდა მოთამაშეა და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ თავის კლუბში უფრო მეტს ითამაშებს. მისი მენტალიტეტიც ასეთია – გამარჯვებულია და მიღწეულით არასოდეს კამყოფილდება.
რაც შეეხება შეცვლილ ტაქტიკას და 4 მცველზე გადასვლას – როგორც გოგლიჩიძემ, ასევე ლოჩოშვილმა ერევანში ძალიან კარგად ითამაშეს. საბას სახით კი ძალიან პერსპექტიული მოთამაშე შეგევმატა.
ახლა მთავარია, შემოდგომის თამაშებისთვის მოვემზადოთ. მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, რომ ახლა ძნელია, სკამზე დავსვათ. მესმის, რომ შესაძლოა, ყველა თავდამსხმელს მეტი სათამაშო დრო უნდა, მაგრამ ვურჩევდი, მეტი იშრომონ და სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებენ“, - განაცხადა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრებს ივნისში ამხანაგური მატჩები ელოდება, თუმცა, ჯერჯერობით მეტოქეთა ვინაობა უცნობია. რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს: ეს უკვე 4-7 სექტემბერს, როცა სანიოლის გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება და საწყის ორ მატჩს საკუთარ მოედანზე, თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.