პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე 83 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე კი ერთი.
"ქართულმა ოცნებამ" 24 თებერვალს ორი კანონპროექტი წარადგინა - პირველი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს. აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი.
"კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას, რაც გულისხმობს, მათ შორის, მაუწყებლის ხარისხიანი და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების საგნის გაფართოებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას" - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.