არანაირი განსხვავება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის აღარ არსებობს, როგორც „ქართული ოცნებისთვის“ ნებისმიერი განსხვავებული აზრი ან პოზიცია არის მიუღებელი და მყისიერად ხდება სხვადასხვა მეთოდების, პროპაგანდის, ჭორაობის, შეურაცხყოფის, შეტევის საფუძველი, ზუსტად იმავეს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„ზუსტად იმავე მეთოდებით, იმავენაირი მიდგომით მისთვისაც განსხვავებული აზრი თუ პოზიცია არის აბსოლუტურად მიუღებელია. ერთიც, ბელადომანიების პარტიაა, მეორეც – ბელადომანიების პარტია. ფაქტობრივად მათ შორის განსხვავება არ არსებობს. ხაბეიშვილი რაღაცას აბუტბუტდება გახარიაზე ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვერც ხაბეიშვილი და ვერც ვერავინ, საქართველოს მოსახლეობის გარდა, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეგვიცვლის, მით უმეტეს ვიღაც ხაბეიშვილი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, კოორდინაციის პროცესი ზიანდება.
„როგორც ხშირად მოსვლიათ, არ ყოფნით და ვერ იაზრებენ, რას აფუჭებენ, ეს მათი პრობლემაა. ვიღაცას თავის წარმოდგენებში და ოცნებებში ელანდება ერთი პარტიის ჩამოყალიბება, სადაც იქნებიან გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ეს მათი ფიქრების და ოცნების ნაწილია. ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. ჩვენ ერთ პარტიად ვერასდროს ვერ ჩამოვყალიბდებით. შეიძლება ჩამოვყალიბდეთ კოორდინაციის ნაწილში, მაგრამ ამის მიღმა შეუძლებელია, იდეოლოგიურ კონტექსტში რაიმე ერთმანეთთან გვაკავშირებდეს. თავის თავს და პარტიებს მიხედონ. პარტიები ეშლებათ. მისცენ საზოგადოებას მაგალითი. აგერ არის სამი პარტია და სამი პარტიის მიღმა კიდევ უამრავი პარტია, რომელიც იდეოლოგიურად ძალიან ახლოსაა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ადგნენ და გაერთიანდნენ. დაუდოს საზოგადოებას მაგალითი როგორ შეუძლიათ თავიანთი ნომრის, პარტიის სიმბოლიკის დათმობა, აჩვენონ საზოგადოებას. ასე, ჰაერში სიტყვაზე და ჰაერის რხევა უშედეგოდ დამღლელია, ჩვენ თავი დაგვანებონ. თუ უნდათ კოორდინაცია ჩვენ მზად ვართ, თუ უნდათ ერთი პარტიის ჩამოყალიბება ესაა აბსურდი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.