უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის და მისი გუნდი მზად არიან აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით გამძლე მშვიდობისთვის იმუშავონ. ამის შესახებ ზელენკსი X-ზე წერს.
ზელენსკის შეფასებით, მისი და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო. მისი თქმით საწყენია, რომ ეს მოხდა.
„მინდა, გავიმეორო უკრაინის ერთგულება მშვიდობისადმი. არცერთ ჩვენგანს არ სურს გაუთავებელი ომი. უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიუახლოვდეს გრძელვადიან მშვიდობას. უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის უნდა. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა.
ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად. პირველი ეტაპები შეიძლება გახდეს ტყვეების გათავისუფლება და ზავი ცაში – რაკეტების აკრძალვა, შორ მანძილზე მოქმედი თვითმფრინავების აკრძალვა, ბომბების აკრძალვა, რომლებიც გამიზნულია ენერგეტიკაზე, სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუყოვნებლივი ზავი ზღვაში, თუ რუსეთი იმავეს გააკეთებს. შემდეგ ჩვენ გვსურს, ძალიან სწრაფად გადავიდეთ ყველა მომდევნო ეტაპზე და ვიმუშაოთ აშშ-სთან ძლიერი, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.
ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რამდენი რამეც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დასახმარებლად. და ჩვენ გვახსოვს ის მომენტი, როდესაც ყველაფერი შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას ჯაველინები მიაწოდა. ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის. ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, პარასკევს, თეთრ სახლში ისე არ წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. დადგა დრო, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. ჩვენ გვინდა, რომ მომავალი თანამშრომლობა და კომუნიკაცია იყოს კონსტრუქციული“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ხელსაყრელ ფორმატში.
„ჩვენ ვხედავთ ამ შეთანხმებას, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი უსაფრთხოებისა და იმედს უსაფრთხოების მყარი გარანტიებისკენ. მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ის ეფექტურად იმუშავებს“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.