დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებისთვის კარი ღია რჩება, თუკი უკრაინის პრეზიდენტი მზად არის სერიოზულად ისაუბროს მშვიდობაზე, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ და თანმიმდევრულად თქვა, რომ კარი ღიაა თუკი ზელენსკი მზად არის სერიოზულად ისაუბროს მშვიდობაზე. შეუძლებელია, მოხვიდე ოვალურ კაბინეტში ან სხვაგან და უარი თქვა სამშვიდობო შეთანხმების დეტალების განხილვაზე. იცით, ეს არავის გაახარებს. რუსებს მოუწევთ რაღაცის დათმობა. უკრაინელებს მოუწევთ რაღაცის დათმობა. შეუძლებელია, მოხვიდე ოვალურ კაბინეტში და თქვა, მოგვეცით უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენ არ განვიხილავთ თქვენთან ერთად, რის დათმობაზე ვართ მზად. ეს იყო უკრაინის პოზიცია. ეს პოზიცია როდესაც შეიცვლება, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, როდესაც ისინი მზად იქნებიან ისაუბრონ მშვიდობაზე, ვფიქრობ, ტრამპი იქნება პირველი ადამიანი, ვინც აიღებს ტელეფონს“, – განაცხადა ვენსმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა პარასკევს თეთრ სახლში მომხდარ შელაპარაკებაზე.
ვენსმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი „ცდილობდა დიპლომატიური ყოფილიყო“ ოვალური კაბინეტის შეხვედრის დაწყებისას და სურდა „ცოტა განწყობის შემსუბუქება“, როდესაც პრეზიდენტებს შორის საუბრის ტონი შეიცვალა.
”მან [ზელენსკიმ] აჩვენა, რომ აშკარა არ სურდა სამშვიდობო პროცესში ჩართვა, ჩვენ მშვიდობიან გადაწყვეტაზე უნდა გადავიდეთ. პრეზიდენტი [ტრამპი] ცდილობდა ამის გაკეთებას და გააგრძელებს ამას“, თქვა ვენსმა.