„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა "ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.
"ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში". - წერს საია.
ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტი 38 დღე შიმშილობდა. “ბათუმელების” რედაქტორმა, ეთერ თურაძემ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ კლინიკა „ვივამედთან“ მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით 18 თებერვალს ბრიფინგი გამართეს, თურაძემ ამაღლობელის წერილი წაიკითხა, ჟურნალისტი წერდა, რომ შიმშილობას წყვეტდა.