აზერბაიჯანის ხელისუფლებამ BBC News-ის აზერბაიჯანული ბიუროს საქმიანობის შეჩერების ბრძანება გასცა, აღნიშნული ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ 20 თებერვალს დაადასტურა. იტყობინება "ამერიკის ხმა".
BBC-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ "იძულებით მიიღო გადაწყვეტილება" ოფისის დახურვის შესახებ მას შემდეგ, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას სიტყვიერი მითითება მისცა.
"ჩვენ ღრმად ვწუხვართ ამ შემზღუდველი ნაბიჯის გამო, რომელიც ზღუდავს პრესის თავისუფლებას და ხელს შეუშლის ჩვენს შესაძლებლობას, გავაშუქოთ მოვლენები აზერბაიჯანიდან და აზერბაიჯანის შესახებ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ," — ნათქვამია BBC-ის წარმომადგენლის განცხადებაში.
BBC-ის საქმიანობის შეჩერება მოჰყვა აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის მიერ გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურდა BBC-ის თანამშრომლების რაოდენობის ერთამდე შემცირება.
BBC-ის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან წერილობითი შეტყობინება შეჩერების შესახებ არ მიუღია. ჯერჯერობით, ახალი დეტალების გარკვევამდე, აზერბაიჯანში მისი ჟურნალისტური ჯგუფი შეაჩერებს საქმიანობას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აიხან ჰაჯიზადამ, “ამერიკის ხმას” ელფოსტით გაუგზავნა პასუხი, რომელშიც განაცხადა, რომ BBC-ის განცხადება პრესის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით "სამწუხარო და მიუღებელია." მთავრობის პასუხი მასალის გამოქვეყნების შემდეგ მოვიდა.
ჰაჯიზადამ აღნიშნა, რომ სამინისტრომ BBC-ს აცნობა, რომ "აზერბაიჯანის პოზიცია და გადაწყვეტილებები უცხოური ქვეყნების მედიასაშუალებებთან მიმართებით ყოველთვის ეფუძნება ურთიერთობის პრინციპებს."
მან ასევე დაამატა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება "BBC-ის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება" და "გეგმაშია" ერთი კორესპონდენტის აკრედიტაციის გაცემა.
BBC 1994 წლიდან ოპერირებს აზერბაიჯანში. სააგენტოს ინფორმაციით, მისი აზერბაიჯანული სამსახური ყოველკვირეულად საშუალოდ ერთ მილიონ ადამიანს აღწევს ქვეყანაში, სადაც 10.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
BBC აცხადებს, რომ გააგრძელებს ახალ ამბების გავრცელებას აზერბაიჯანულ ენაზე.