ლატვია გმობს 15 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლატვია არ აღიარებს არც მათ ლეგიტიმურობას და არც შედეგებს.
"ლატვია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე და შეუვალ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:0 საათამდე გაგრძელდება.
ე.წ. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის - ბადრა გუბნა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.
საარჩევნო სიის თანახმად, ე.წ. არჩევნებში 135 ათასამდე ამომრჩეველი მიიღებს. გახსნილია 152 საარჩევნო უბანი.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გარდა, საარჩევნო უბნები გახსნილია რუსეთის ორ ქალაქში - მოსკოვსა და ჩერქესკში. საგულისხმოა, რომ ე.წ. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საარჩევნო უბანი დაიხურა თურქეთის ქალაქ საქარიაში, სადაც აფხაზური დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს.