საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას „ელექტროშოკი“ უწოდა, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს, იზრუნოს საკუთარ და უკრაინის მომავალზე. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროპისთვის „კუნთების გაზრდა“ თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში.
მაკრონის განცხადებით, მხოლოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მოლაპარაკების წარმოება თავისი ქვეყნის სახელით და აღნიშნა, რომ "მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა" იქნება "ცუდი ამბავი იქნება ყველასთვის", მათ შორის შეერთებული შტატებისთვის.
„ამ ეტაპზე ერთადერთი საკითხია, მზად არის თუ არა პუტინი გულწრფელად, მტკიცედ და დამაჯერებლად დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ამის საფუძველზე. ამის შემდეგ უკრაინელებმა რუსეთთან მოლაპარაკება უნდა დაიწყონ“, - განაცხადა მან.
მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მსოფლიომ უნდა შეინარჩუნოს „კოლექტიური სიფხიზლე“.
მან აღწერა ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში, როგორც სტიმული, რომელიც წაახალისებს ევროკავშირს ინვესტირება მოახდინოს საკუთარ თავდაცვაში და ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ აღორძინებაში.
ეს ნიშნავს 1992 წელს ევროკავშირის მიერ შეთანხმებულ ფისკალურ და მონეტარულ სისტემაზე უარის თქმას, რომელსაც მაკრონმა „მოძველებული“ უწოდა. მისი თქმით, ეს ის მომენტია, როდესაც ევროპამ უნდა იმოქმედოს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მხარი დაუჭირა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ ევროპას ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოებაზე და თქვა, რომ ეს არის თაობათა ცვლილების შედეგი და ამერიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ორპარტიული ცვლილება ევროპიდან აზიამდე.
"ტრამპი ეუბნება ევროპას, რომ თქვენ უნდა აიღოთ ეს ტვირთი. მე ვამბობ, რომ ეს ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ", - განაცხადა მაკრონმა.
ამ კვირის დასაწყისში ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მაკრონმა თქვა, რომ მას არ გაკვირვებია აშშ-ის პრეზიდენტის ნაბიჯი. მისი თქმით, ტრამპმა შექმნა შესაძლებლობის ფანჯარა საკითხის მოლაპარაკებების გზით გადასაჭრელად, სადაც ყველამ თავისი როლი უნდა ითამაშოს.