აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა.
ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-თვის ევროპა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა, რომ ჩვენთვის ევროპა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ ბევრ ეკონომიკურ ურთიერთობას, რომელიც შესაძლოა, განვითარდეს ევროპასთან ერთად“, – განაცხადა ვენსმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-ის პრეზიდენტთან და ჯეი დი ვენსს საერთო გამოწვევებზე კარგი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში. მადლობა კარგი დისკუსიისთვის ჩვენი, როგორც მოკავშირეების, საერთო გამოწვევებზე.
მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-ის პრეზიდენტთან და თქვენთან. გნახავთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.