საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
„ჩვენ, პოლიციელებმა, არაერთგზის მოვუწოდეთ, რომ გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რადგან არ არის ამის საჭიროება. მოგეხსენებათ, პარლამენტის წინ არის საკმარისი ადგილი, სადაც შეუძლიათ, დადგნენ და გააპროტესტონ. არანაირად არ არის საჭირო, რომ გზის სავალ ნაწილზე იყვნენ და დაკეტონ გზა. ხელოვნურად კეტავენ, შესაბამისად, კანონიერად მოვუწოდეთ, რომ გაეთავისუფლებინათ, რაზეც რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და დაკავდა ადმინისტრაციული წესით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, დავადგენთ და მოგვიანებით მოგახსენებთ”,- განაცხადა მემანიშვილმა.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს.