10 თებერვალს “ჰამასმა” განაცხადა, რომ ამ ეტაპზე წყვეტს ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებას, იმის გამო, რომ ისრაელი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
„ჰამასის“ სამხედრო სპიკერმა აბუ უბაიდამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლება გადაიდო ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო. მისი თქმით, 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ისრაელი აფერხებს იძულებით გადაადგილებული პალესტინელების დაბრუნებას ჩრდილოეთ ღაზაში, პალესტინელებს კვლავ უხსნის ცეცხლს და დახმარების ტვირთს უზღუდავს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცახდა, რომ ჰამასის“ განცხადება არის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების სრული დარღვევა. მან ისრაელის არმიას ღაზაში მზაობის მაქსიმალურ დონეზე ყოფნა უბრძანა.
მძევლების გათავისუფლების შემდეგი ფაზა შაბათს იყო დანიშნული.
ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება 15 იანვარს გაფორმდა.
ამ ეტაპისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, „ჰამასმა“ დააბრუნა ისრაელის ცამეტი და ტაილანდის ხუთი მოქალაქე, სანაცვლოდ კი, ისრაელმა 583 პალესტინელი დაკავებული გაათავისუფლა.