აზერბაიჯანი „აწარმოებს მოსამზადებელ სამუშაოებს“ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად აზერბაიჯანული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია იუწყება. მედიის ცნობით, მიმდინარეობს მტკიცებულებათა ბაზის ფორმირება, ფაქტებისა და მტკიცებულებების შეგროვება.
რესპუბლიკის ხელისუფლება აღშფოთებულია, რომ რუსული მხარე, ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგაც კი, ავიაკატასტროფის შესახებ, აგრძელებს ინციდენტის „მიკერძოებული კომენტარის გაკეთებას“.
"რუსი ოფიციალური პირები, ექსპერტები და მედია აგრძელებენ ინციდენტში მათი მონაწილეობის უარყოფას და ცდილობენ ეკიპაჟის დადანაშაულებას", - ამტკიცებს აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ასეთი ტაქტიკა მოგვაგონებს მალაიზიური Boeing 777-ის ვითარებას, რომელიც ჩამოაგდეს დონბასში 2014 წელს რუსული „ბუკის“ საჰაერო სისტემის გამოყენებით.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია თვითმფრინავის მიმართ სროლის ბრძანების გამცემისა და შემსრულებლის, ასევე იარაღის ტიპის შესახებ.
მოსკოვის მცდელობა „გამოძიება სხვა მიმართულებით წარმართოს და ეკიპაჟს ბრალი დასდოს, აზერბაიჯანულ მხარის ღრმა სინანულს იწვევს.
აზერბაიჯანმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პირობები და მოთხოვნები, რომლებიც გაჟღერდა უმაღლეს დონეზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ „რუსეთთან დიალოგის კარი ღია რჩება“: „მოსკოვმა ღიად უნდა აღიაროს თავისი დანაშაული და აიღოს პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქო მზად არის შემდეგი ნაბიჯებისთვის“, - აღნიშნავს აზერბაიჯანული გამოცემა.