საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა 3 თებერვალს ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ბუნებრივი გაზის ნამწვი აირის (CO–ს) დაგროვების შედეგად 2 ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე.
"ენერგოომბუდსმენის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით ღია წვის კამერით, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სამწუხაროდ, დღემდე ისევ რჩება გამოწვევად ისეთი ტიპის დანადგარების მონტაჟი, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია. კერძოდ, საუბარია ღია წვის კამერიან დანადგარებზე, რომელთა დამონტაჟება დახურულ სივრცეში (მათ შორის, სავენტილაციო არხებში) აკრძალულია. მათი გამოყენება იწვევს ინტოქსიკაციასა და ხშირად მთავრდება ლეტალური შედეგებით.
მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბუნებრივი გაზის დანადგარების თვითნებური დამონტაჟება აკრძალულია და დანადგარის მონტაჟი ნებადართულია მხოლოდ სპეციალისტის მიერ. ნებისმიერი ტიპის დანადგარის დამონტაჟების შემდგომ, მოქალაქემ უნდა მიმართოს შესაბამის მომსახურე კომპანიას და მოითხოვოს მისი ჩართვა.
ენერგოომბუდსმენის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან ბუნებრივი გაზის დანადგარების გამოყენების წესები, გაითვალისწინონ უსაფრთხოების ნორმების შესახებ ყველა რეკომენდაცია, შეამოწმონ ქსელისა და დანადაგარების გამართულობა. გაზის სუნის, გაზის გაჟონვის, დანადგარების დაზიანების ან სხვა ნებისმიერი საეჭვო გარემოების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ კომპანიას ცხელ ხაზზე.
დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა დაცული იყოს ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.