საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ევროპამ შეერთებული შტატების მსგავსად უნდა განიხილოს ჩინური აპლიკაციის TikTok-ის აკრძალვა.
ცაჰკნას თქმით, ბოლო წლებში ევროპამ დაინახა, რომ TikTok-ი გამოიყენებოდა დეზინფორმაციის და ყალბი ამბების გასავრცელებლად, ასევე არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად.
„ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ბოლო დროს რუმინეთში მოხდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმეს მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში მასიური ონლაინკამპანიის საშუალებით“, - თქვა მან.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპლიკაციები, როგორიცაა TikTok, არ იძლევა დაბალანსებულ ცნობებს, მაგრამ ეფექტურად ავრცელებს მიკერძოებულ ინფორმაციას.
„TikTok არ არის მასმედია, არამედ გავლენის იარაღი“, - აღნიშნა ცაჰკნამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ TikTok-ი აგროვებს უამრავ მონაცემს მომხმარებლის შესახებ, მაგრამ უცნობია ვის აქვს წვდომა ამ მონაცემებზე.
„რადგან TikTok-ი ეკუთვნის ჩინურ კომპანიას, არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება, რომ მონაცემები, შესაძლოა, ჩინეთის ხელისუფლების ხელში აღმოჩნდეს.
გასული წლის საგარეო დაზვერვის დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ TikTok-ი აგროვებს დიდი რაოდენობით ინფორმაციას, რომელიც, შესაძლოა, სასარგებლო იყოს დაზვერვის მონაცემების შეკრებისთვის, გამოძალვისა და კიბერთავდასხმებისთვის“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამიტომ, ცაჰკნას აზრით, TikTok-ის აკრძალვა ევროპაშიც უნდა იყოს გათვალისწინებული, უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე.