ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებისა და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე.
საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მზია ამაღლობელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის პროცესს დაესწრო.
როგორც საია იუწყება, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით. ასევე ითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.