რუსული ნავთობით დატვირთული სულ მცირე 65 ტანკერი, რომლებიც ჩინეთისა და სინგაპურის პორტებისკენ მიეშურებოდნენ, შეერთებული შტატების მიერ დაწესებული უახლესი სანქციების გამო, გაჩერდა. იტყობინება სააგენტო Reuters-ი, რომელმაც ხომალდების საზღვაო მიმოსვლის მონაცემებს დააკვირდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ხუთი ტანკერი უმოქმედოდ დგას ჩინეთის სანაპიროებთან, შვიდი - სინგაპურის მახლობლად, ხოლო ნაწილი რუსეთის სანაპიროებთან ბალტიის ზღვასა და შორეულ აღმოსავლეთშია ჩარჩენილი. კიდევ 25 ტანკერი სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ირანის პორტებსა და სუეცის არხის არეალში ტივტივებს.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ 3 ტანკერი 2 მილიონი ბარელი რუსული ნავთობით გაჩერებულია ჩინეთის სანაპიროს აღმოსავლეთით. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია, რომელიც მართავს პორტებს ჩინეთის შანდონგის პროვინციაში, აკრძალა სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერების მიღება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ნავთობის კიდევ ერთი უმსხვილესი შემსყიდველი, ინდოეთი, უარს იტყვის აშშ-ის სანქციების სიაში მყოფი ტანკერებისგან ტვირთების მიღებაზე. გამონაკლისი გავრცელდება პორტებში 10 იანვრამდე შესულ ტანკერებზე იმ პირობით, რომ ტვირთს 12 მარტამდე ჩამოცლიან.
გარდა ამისა, ინდური ბანკები მოითხოვენ ნავთობის წარმოშობის სერტიფიკატებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ის არ მოდის სანქცირებული მიმწოდებლებისგან.
ამ დროისთვის, რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტში" შემავალი 183 ტანკერი, რომელიც საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ დაცურავდა, ახალი სანქციების გამო გაჩერებულია.
10 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა. აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 180-ზე მეტ გემს შეეხო
სანქციები დაუწესდა "გაზპრომნეტსა" და "სურგუტნეფტგაზს". სანქციები ასევე გავრცელდა "სოვკომფლოტის" ხომალდებზე, რომელიც ყველაზე დიდი რუსეთის ფედერაციაში.
შეზღუდვების ქვეშ მოექცა ასევე, რუსული სადაზღვევო კომპანიები - "ინოგსტრახი" და "ალფასტრახოვანოე". სწორედ ამ კომპანიების მომსახურებით სარგებლობდნენ "ჩრდილოვან ფლოტში" შემავალი ტანკერები.
შეზღუდვებს ასევე დაექვემდებარა ათობით რუსი მაღალჩინოსანი ენერგეტიკის სექტორიდან და კომპანიებიდან.