რუსეთის სახელმწიფო უწყებების მიერ ამ ინციდენტის მიჩქმალვა და აბსურდულ თეორიებზე ფოკუსირება იწვევს გაოცებას, სინანულსა და სამართლიან აღშფოთებას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევმა 25 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ.
“პროკურატურის სამუშაო ჯგუფები გაიგზავნა ქალაქ გროზნოსა და აქტაუში, სადაც მათ ოპერატიული სამუშაოები ჩაატარეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არსებობს წინასწარი მონაცემები. ბუნებრივია, გამოძიების დასრულების შემდეგ აზერბაიჯანულ საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ მომენტზე, რომელიც 29 დეკემბერს აღვნიშნე: ქალაქ გროზნოში გამოცხადდა საჰაერო სივრცის დახურვის ოპერაცია მას შემდეგ, რაც თვითმფრინავს მიწიდან ესროლეს”, - აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, არსებობს ძალიან სერიოზული საკითხები, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
“როგორც წესი, როდესაც საფრთხე წარმოიქმნება ქვეყნის საჰაერო სივრცეში, ის მაშინვე იკეტება. ეს ეხება ყველა ქვეყანაში და სხვადასხვა სახელები აქვს. რუსეთში ამას ეწოდება ოპერაცია „ხალიჩა“. თუ რუსეთის საჰაერო სივრცეს საფრთხე ემუქრებოდა, თვითმფრინავის კაპიტანს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა, საჰაერო სივრცე სასწრაფოდ უნდა დაეხურათ და თვითმფრინავი უკან დაბრუნებულიყო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე დაახლოებით 10 დღით ადრე მსგავსი შემთხვევა ქალაქ გროზნოსთან მოხდა. AZAL-ის კუთვნილი თვითმფრინავი შუა გზიდან გაბრუნდა. რატომ არ გააფრთხილეს ამჯერად თვითმფრინავის ეკიპაჟი? ბუნებრივია, ამას გამოძიება გამოავლენს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეფუძნება სიმართლეს. რუსეთის სამთავრობო უწყებების მცდელობა, მიეჩქმალათ ეს ინციდენტი და დაჟინებით ესაუბრათ აბსურდულ ვერსიებზე, ჩვენში გაკვირვებას, მწუხარებას და სამართლიან აღშფოთებას იწვევს.
დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები. ვიმეორებ, სწორედ პილოტებისა და ეკიპაჟის წევრების გმირობის წყალობით გადაურჩა ამ უნედურებას 30-მდე ადამიანი, რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა აზერბაიჯანის მოქალაქეა. ამავე დროს, დაიღუპნენ რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები, დაშავდნენ ყირგიზეთის მოქალაქეები“,- აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავი Embraer-ი 25 დეკემბერს ჩამოვარდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან.თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, მაგრამ კურსიდან გადაუხვია მას შემდეგ, რაც ის, ძირითადი ვერსიით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ცეცხლში მოხვდა.
თვითმფრინავში 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი. დაიღუპა 38 ადამიანი, გადარჩა 29. თვითმფრინავში მყოფთა უმრავლესობა, 42 ადამიანი იყო აზერბაიჯანის, 16 - რუსეთის, 6 - ყაზახეთის, 3 - ყირგიზეთის მოქალაქე.