რუსი ბლოგერი ნიკოლაი ლევშიცი ტელეგრამარხზე სვანეთში რუსეთის მოქალაქეებზე თავდასახმის შემდეგ დაკარგულის ვინაობას ასახელებს და წერს, რომ ვიქტორ სოლოვიოვი სვანეთში 4-5 იანვრის ღამეს გაიტაცეს.
„უცნობმა პირებმა გზა გადაუკეტეს, იარაღით დაემუქრნენ და ვიქტორი თეთრი Subaru-ს მანქანით წაიყვანეს. მისი თანამგზავრი გაათავისუფლეს“, - ნათქვამია პოსტში.
ასევე დღეს სოციალურ ქსელში მომხდარის დეტალები გავრცელდა. ვიქტორის შეყვარებულმა ალინამ ისაუბრა ორ კაცთან მომხდარ კონფლიქტზე.
ქალი მომხდარს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია პოლიციასაც მიაწოდა.
„პირველად, როცა მანქანით ჩაგვიარეს, გაჩერდნენ და გვკითხეს, გვჭირდებოდა თუ არა დახმარება. ჩვენ ვუთხარით: „არა, გმადლობთ, ჩვენ უბრალოდ ფოტოებს ვიღებთ“ და ისინი წავიდნენ. მერე გავუსწარით, გზის პირას იდგნენ. გზაზე ჩარჩენილ მანქანას წავაწყდით და ვიტიამ ის თოკით გამოიყვანა.
ამ დროს თეთრმა Subaru-მ გაიარა და არ გაჩერებულა. როცა ვიტიამ შორიდან დაინახა, რომ ისინი შუა გზაზე იდგნენ, მთხოვა, სათავსოდან დანა მიმეწოდებინა. გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა და ჰკითხა, რა მოხდა. მათ სთხოვეს სატუმბი. ამოიღო და მისცა. შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი“.
ალინას თქმით, უკმაყოფილების მიზეზი შემდეგი იყო: ისინი ამბობდნენ: „ტელეფონები დაგვიბრუნეთ, რატომ გაჩერდით გვირაბში, რატომ გვიღებდით?“
ალინას თქმით, ვიქტორმა მისგან დასაკეცი დანა აიღო, რომელიც მანქანის სათავსოში იდო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მან გაიგო ორი გასროლა.
”მე ვერ დავინახე, სად ისროლეს და ვერც ვიქტორი დავინახე. პოლიციას მივაწოდე ყველა ინფორმაცია, იმ წუთებამდე, როცა ეს მოხდა, ყველა ფოტო და ვიდეო, ყველა გეოლოკაცია. იქ უამრავი ადამიანი მუშაობს“, - თქვა ალინამ.
შეგახსენებთ, სვანეთში 12 საათზე მეტია გატაცებულ ტურისტს ეძებენ. ვიქტორ სოლოვიოვს და მის შეყვარებულს თავს უცნობი პირები დაესხნენ. კაცს ჯერ იარაღით დაემუქრნენ, შემდეგ კი თეთრი ავტომობილით გაიტაცეს.
მთავარი ფოტოს შესახებ: ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელშიც ვიქტორ სოლოვიოვი გადაღებულია გზაზე თეთრი მანქანის გვერდით