საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს იტალიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ წარმოდგენილ ზომებს, მათ შორის სანქციების შეთავაზებას, – ამის შესახებ აღნიშნულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს საქართველოს მდგომარეობის შესახებ, იტალიამ კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო ძალადობის ყველა შემთხვევა, რაც ქვეყანაში ბოლო კვირებში მოხდა, მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ წარმოდგენილ ზომებს, მათ შორის სანქციების შეთავაზებას (რომელიც სხვა წევრი სახელმწიფოების კონსენსუსის არარსებობის გამო დაბლოკილი იყო). ჩვენმა ქვეყანამ ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიური ვიზების გამარტივების შეთანხმების შეჩერების წინადადებას, რომელიც დამტკიცდა.
იტალიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დარჩეს და იმედი გამოთქვა, რომ გადაიხედება თბილისის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ფაქტობრივად შეაჩერეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა რუმინეთს, იტალიას, ესპანეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს "ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირებისა" და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვისთვის.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა მის განცხადებას "ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ ევროკავშირის შიდა დისკუსიები არასწორად და არაზუსტად იქნა წარმოჩენილი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. „ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებების მდგომარეობისა და სავარაუდო დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.