პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა, რუსული კოშმარის ლიდერებმა მოიპარეს ხალხის ხმა არჩევნებზე, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვან ლანშოტმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, ერთი წლის წინ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი არა მათი მთავრობის, არამედ ხალხის გამო.
როგორც ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები იმართება, ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ბლოკირებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა ხალხის იმედი.
„ისინი არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური არიან, ნიღბები ჩამოხსნილია, მათ ნამდვილი სახეები გამოაჩინეს, სახე, რომელიც ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რუსული ზეწოლის სახე. მშვიდობიანი მომიტინგეები დააკავეს, ასობით მათგანს თავს დაესხა პოლიცია, სამოქალაქო საზოგადოება დააშინეს, ჟურნალისტებზე ნადირობდნენ და სცემეს, პოლიტიკური ოპონენტები ციხეში ჩასვეს, როგორიცაა ნიკა გვარამია, რომელსაც ჩვენ შევხვდით სამი კვირის წინ ევროპარლამენტში. მოსახლეობის შვიდი პროცენტი ყოველდღიურად მართავს პროტესტს ყინვაში. სტუდენტები, საჯარო მოხელეები, მეღვინეები, იურისტები, რეივერები, დედები, ბებია-ბაბუები იკრიბებიან თბილისის მოედნიდან სვანეთის მთებამდე და კახეთის სამეურნეო ველებამდე. მე ვიარე პროტესტის მონაწილეებთან ერთად გასულ ხუთშაბათს. ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს. ერთი წლის წინ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი არა მათი მთავრობის, არამედ ხალხის გამო და ეს ხალხი გვიყურებს, რომ ვიმოქმედოთ. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება? სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათი ქონების მიმართ, დამოუკიდებელი მედიის, დემოკრატიის სხვა დამცველების დაფინანსება და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, როგორც ხალხის პრეზიდენტის და ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, ასევე, 29 დეკემბრის შემდეგაც“, – განაცხადა ლანშოტმა.