ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მედიასთან განაცხადა, რომ ისინი საქართველოში არა მხოლოდ სოლიდარობისთვის, არამედ საჭირო ინფორმაციის მისაღებადაც არიან. მისივე თქმით ქართველი ხალხი ქუჩაში საკუთარი და ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვისაც იბრძვის.
„ჩემი გზავნილი, ჩემი პირადი გზავნილია, რომ ევროკავშირის წევრობა ამჟამინდელ რეჟიმთან შეუთავსებელია. ასე რომ, ახალი არჩევნების გარეშე შეუძლებელი იქნება ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. ეს ჩაწერილია კონსტიტუციაში, ქართულ კონსტიტუციაში. და ჩვენ, პარლამენტის წევრები, ვიცავთ მიღებულ რეზოლუციას. აქ ვიმყოფებით საგამოძიებო მისიით, ასევე იმისთვის, რომ ვესაუბროთ ხალხს, რომლებიც იბრძვიან ქუჩებში არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტის თავისუფლებისთვის, რადგან ეს არ არის მხოლოდ საქართველო. გვყავს მოლდოვა. გვყავს რუმინეთი იმავე სცენარით. ასევე გვყავს უკრაინელები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის. ასე რომ, ეს არის ის, რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს – მხარი დაუჭიროს ყველა ამ თავისუფლებისთვის მებრძოლს და არ შეეშინდეს პირველ რიგში, პუტინის რეჟიმის დამარცხების, რადგან ყველაფერი მოდის იმ კონკრეტული ცენტრიდან.
აქ ვართ არა მხოლოდ სოლიდარობის გამოსახატად, ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ასევე ჩვენი ინსტიტუტებისთვის ბიძგის მისაცემად - ევროკომისიისთვის ან ევროპული საბჭოსთვის - ძალიან ნათელი მესიჯის გასაგზავნად არსებული ვითარების შესახებ, რათა ვუბიძგოთ მათ მოქმედებისკენ, რათა არა მხოლოდ ისაუბრონ, არამედ იმოქმედონ კიდევაც“, - აღნიშნა იუკნევიჩიანემ.
ფოტო: ნატგაზეთი