უკრაინას შევთავაზეთ შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა, სამწუხაროა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იდეა უარყო,– ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ შევთავაზეთ საშობაო ზავი და ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს ეს აშკარად უარყო და გამორიცხა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო!” - წერს ვიქტორ ორბანი X-ში.
ეს იყო მისი პასუხი ზელენსკის ტვიტერზე ორბანთან პუტინის საუბრის შესახებ, რომელიც ოთხშაბათს შედგა და უნგრეთის პრემიერის თქმით, ერთი საათი გაგრძელდა.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ დგამს ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების სასარგებლოდ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანის ამ განცხადებას უპასუხა და აღნიშნა – „ყველას იმედი გვაქვს, რომ ვიქტორ ორბანი მოსკოვში ასადს არ დაურეკავს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზე საუბარი უკრაინის გარეშე არ შეიძლება“.