საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს კაბინეტს.
უნდობლობის ვოტუმს მხარი 574-დან 331-მა პარლამენტარმა დაუჭირა. შედეგად, ბარნიეს მთავრობას, რომელიც სამ თვეზე ნაკლებია დაინიშა, გადადგომა მოუწევს. 1962 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტმა საფრანგეთის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ბოლოს ეროვნულმა ასამბლეამ ჟორჯ პომპიდუს მთავრობას გამოუცხადა უნდობლობა.
73 წლის ბარნიეს მთავრობისადმი ნდობის საკითხი კენჭისყრაზე ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებმა დააყენეს. ამ საკითხის დაყენებას წინ უსწრებდა ბარნიეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იგი გეგმავდა 2025 წლის სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი შეკვეცილი სახით, პარლამენტში განხილვის გარეშე, მიეღო.
საფრანგეთის კონსტიტუციის თანახმად, მიშელ ბარნიეს ჰქონდა ამის უფლება, თუმცა კონსტიტუცია პარლამენტსაც ანიჭებს უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში, მთავრობისადმი ნდობის საკითხი დააყენოს კენჭისყრაზე.
მედიის ინფორმაციით, მიშელ ბარნიე საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად, რომელიც მთლიანობაში 60 მილიარდ ევროს შეადგენდა, გეგმავდა სახელმწიფო ხარჯების შემცირებას 40 მილიარდით და გადასახადების გაზრდის ხარჯზე 20 მილიარდის მობილიზებას.
ამრიგად, მიშელ ბარნიე გახდა საფრანგეთის ყველაზე ხანმოკლე ვადით მომუშავე პრემიერ-მინისტრი 1958 წლის შემდეგ. იგი განაგრძობს უფლება-მოვალეობის შესრულებას, ვიდრე პრეზიდენტი მაკრონი არ დაასახელებს პრემიერობის ახალ კანდიდატს.