ვინაიდან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი ზეწოლისთვის გამოიყენება, გადაწყვეტილება მივიღეთ, ამ საკითხის დამატებით აქტუალიზებას არ მოვახდენდით და გავაგრძელებდით ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანმა განაცხადა.
„უკვე მერამდენე წელია, ეს ადამიანები ამ ქვეყანაში, ვითომ რუსეთს ითენებენ. არადა, საქართველოში ვართ და დემოკრატიული პროცესები ისე ვითარდება, როგორც არასდროს. პრემიერის განცხადება გულისხმობდა იმას, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის მოლაპარაკებების საკითხის გამოყენების საშუალებას არავის მივცემთ. სამწუხაროდ, ეს განცხადება არასწორად იყო გამოყენებული. ახლა, როგორც არასდროს, ყველაზე კარგი მომენტია, თუ ვინმეს მართლა გული შესტკივა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დროულად წარიმართოს და მოლაპარაკებები იყოს გახსნილი, ყველამ ერთად უნდა მივითხოვოთ თავად ევროკავშირისგან, მოლაპარაკებები გახსნას. სწორედ ევროკავშირია, ვინც თვეების განმავლობაში გვიცხადებდა, რომ მოლაპარაკებები შეჩერებულია. მათ შორის იყო ევროკავშირის ელჩი. სამწუხაროდ, ამ განცხადებაზე ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი არ მახსენდება. არც მოთხოვნა, რომ მოლაპარაკებები გახსნილიყო. ზუსტად ვიცით, რამდენი ვიმუშავეთ, რათა მოლაპარაკებების პროცესი გახსნილიყო და საქართველო არ შეფერხებულიყო ამ გზაზე. ვინაიდან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი ზეწოლისთვის გამოიყენება, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ საკითხის დამატებით აქტუალიზებას არ მოვახდენდით და გავაგრძელებდით ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას. უფრო მეტიც, 2028 წლისთვის გაცილებით წინ ვიქნებით, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები არიან. ამისთვის გაწერილი პროცესი გვაქვს ისევე, როგორც გზამკვლევი, რა უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა წილოსანმა.