საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
„მიხეილ მესხი არენაზე“ გამართული შეხვედრა ახალგაზრდა „ჯვაროსნებმა“ შესანიშნავად დაიწყეს და მე-4 წუთზე ანგარიში გახსნეს – მარჯვენა ფლანგზე სწრაფად განვითარებული შეტევა გიზი მამაგეიშვილის დარტყმით დასრულდა, მარკო სოლდოს ფეხიდან ასხლეტილი ბურთი კი ხორვატების კარში აღმოჩნდა.
მეორე ტაიმი ხორვატებმა გაცილებით უკეთ დაიწყეს და ჩვენი გუნდი გარკვეულ მონაკვეთში უბურთოდაც დატოვეს. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა, თუმცა თავს კარგად ვიცავდით და მეტოქე რეალური მომენტის გარეშე იყო.
61-ე წუთზე ივიცა ოლიჩის გუნდის მდგომარეობა დამძიმდა. გიზო მამაგეიშვილმა სტუმართა მეკარეს ბურთი მოპარა და ხორვატსაც ისღა დარჩენოდა, საჯარიმოს გარეთ თამაშის წესები დაერღვია. მატჩის მთავარმა არბიტრმა ნიკოლა ჩავალინა მოედნიდან გააძევა და ხორვატიაც 10 კაცით დარჩა.
დარჩენილი დრო საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და უპირატესობის გაზრდას ცდილობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობით ვერ იასრგებლეს და საბოლოოდ 1:0 გაიმარჯვეს.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი ევრო 2025-ის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.