აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რესპუბლიკელი სენატორი ფლორიდის შტატიდან მარკო რუბიო წარადგინა.
დონალდ ტრამპის თქმით, 53 წლის სენატორი იქნება „ჩვენი ერის დამცველი“ და „ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი“.
კუბელი ემიგრანტების შთამომავალი მარკო რუბიო აშშ-ის სენატში 2010 წელს აირჩიეს. მას საგარეო პოლიტიკის „ქორს“ უწოდებდნენ, მოითხოვდა რა ვაშინგტონის მიერ მკაცრი კურსის გატარებას ჩინეთის, ირანის, კუბისა და ვენესუელის მიმართ.
რუბიომ ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოითხოვა რუსული ბანკების გათიშვა SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სერვისის სისტემიდან. 2022 წლის იანვარში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე, მან გაიმეორა თავისი მოწოდება.
გარდა ამისა, უკრაინაში ომის გაჩაღებამდე, სენატორი რუბიო მოითხოვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებზე უმკაცრესი სანქციების დაწესებას, თუ კრემლი უკრაინაში შეიჭრებოდა.
2022 წლის მარტში რუბიო გამოვიდა წინადადებით, ფართომასშტაბიანი სანქციები დაეწესებინათ რუსეთის ყველა სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ.
ბოლო ხანებში, სენატორ რუბიოს პოზიციები უკრაინაში ომთან დაკავშირებით სულ უფრო მეტად მიუახლოვდა დონალდ ტრამპის პოზიციებს. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სენატორი რუბიო მკაცრი რიტორიკით გამოირჩეოდა რუსეთის წინააღმდეგ, ახლა ის ამბობს, რომ ომი ჩიხში შევიდა და იგი აუცილებლად მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს.
ზოგიერთი ექსპერტი შენიშნავს, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ, რუბიო სავარაუდოდ განახორციელებს ტრამპის გეგმას, რათა ზეწოლა მოახდინოს კიევზე მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებასა და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.
ბოლო ინტერვიუებში, მარკო რუბიო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა უკრაინისთვის აშშ-ის დამატებითი სამხედრო დახმარების წინააღმდეგ მისცა ხმა.
ამავდროულად, რუბიო უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს, რომელიც აწარმოებს ომს ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის წინააღმდეგ.
წარსულში, მარკო რუბიო და დონალდ ტრამპი ერთმანეთს მკაცრად აკრიტიკებდნენ. 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვება რუბიოსაც სურდა, თუმცა მაშინ ნომინაცია ტრამპმა მოიპოვა. ნომინაციის მოპოვების კამპანიისას, დონალდ ტრამპმა და რუბიომ ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარები არ დაიშურეს. რუბიო ტრამპს თაღლითსა და ყველაზე ვულგარულ ადამიანს უწოდებდა, რომელსაც ოდესმე პრეტენზია გამოუთქვამს ამერიკის პრეზიდენტობაზე.
2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რუბიო ტრამპთან დაახლოების გზას დაადგა.
მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას სენატის დამტკიცება სჭირდება, რაც არ იქნება პრობლემა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უმრავლესობა კონგრესის ზედა პალატაში რესპუბლიკელების ხელშია.