ივანიშვილის ოცნება, რომ საქართველო იყოს ქართველი ხალხის გარეშე, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი, ვერასოდეს ახდება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არის წარსული, ხოლო თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში, კოალიციის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე, საქართველოს გამარჯვებამდე და საქართველოს გადარჩენამდე ორი დღე დარჩა.
მოგესალმებით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უმაგრესი, ყველაზე ევროპული ქალაქიდან -ქუთაისიდან. ძალიან მიყვარხართ, გეფერებით თითოეულ ქუთაისელს, გეფერებით ადამიანებს, რომლებიც 12 წლის განმავლობაში შეუპოვრად იბრძოდით და რუსულმა რეჟიმმა ვერ გაგაჩერათ, ვერ მოგისყიდათ, ვერ გაგტეხათ და დღეს დგახართ ასე ამაყად და ერთგულად საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე. მეგობრებო! ქართველი ხალხის გამარჯვებამდე, საქართველოს გამარჯვებამდე და საქართველოს გადარჩენამდე დარჩა სულ ორი დღე. ამ სიტყვებს მე ტყუილად არ ვამბობ: უნდა დავდგეთ ერთად და ისევე, როგორც სულ რამდენიმე თვის წინ ქუცაში გამოვიდა მთელი საქართველო, გამოვიდა და კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, ხაზგასმით თქვა: "კი ევროპას!" და "არა რუსეთს საქართველოში!".
ქართველმა ხალხმა ამაყად აიტაცა ევროკავშირის დროშა და ამაყად ატარა ეს დროშა, რომელიც საქართველოში პირველად სწორედ ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღმართა. ეს არის დროშა, რომლის დაშვებისთვისაც ბიძინა ივანიშვილის "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომ საქართველო იყოს ქართველი ხალხის გარეშე, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი, ვერასოდეს ვერ ახდება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არის წარსული, ხოლო თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, და აუცილებლად, 26 ოქტომბერს ჩვენ ამ გამარჯვებას გავაფორმებთ", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.