ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს "მკაცრ წერილს" უგზავნის.
როგორც Izrus-ი იუწყება, მასში ისრაელის მთავარი დიპლომატი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელისგან, ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ისრაელელი ბიზნესმენების, რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
აღნიშნული სააგენტოს ინფორმაციით, წერილში ავიგდორ ლიბერმანი ისრაელის მოქალაქეების დაკავებას "უსაფუძვლოს" უწოდებს და "გამოგონილი მიზეზით" ხსნის.
ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს იმასაც უსვამს, რომ აღნიშნული ფაქტი ორი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
"ბიზნესმენების დაკავები ფაქტი ანგრევს ყველანაირ ეკონომიკურ კონტაქტებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდებობა. მომხდარის შემდეგ საქართველოში ბიზნესის წარმოების სურვილი ისრაელელ ბიზნესმენებს აღარ აქვთ", - ნათქვამია წერილში.
აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან წერილის მიღების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყებაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, "ინფორმაცია ზუსტდება".
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები, ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.