"ქართული პარტია" დევნილი მოსახლეობის უფლებების დასაცავად და მათი იძულებითი გადასახლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს. "მე დევნილი ვარ!" - ასეთია კამპანიის ლაიტმოტივი.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სოფიო ხორგუანის თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა დევნილთა უფლებების შელახვის მასობრივმა ხასიათმა განაპირობა, რაც თბილისიდან რეგიონებში დევნილების იძულებით გასახლებაში გამოიხატება.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფიო ხორგუანმა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი არაკომპეტენტურობაში და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა და მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ შეახსენა თბილისის მერს გიგი უგულავას, რომ კანონმდებლობის თანახმად, დევნილების მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა თვითმმართველ ორგანოსაც ეკისრება და დევნილების იძულებითი განსახლების შემთხვევაში, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
ამასთან, ხორგუანის თქმით, კამაპანიის ფარგლებში, "ქართული პარტიის" ლიდერები სისტემატურად შეხვდებიან დევნილებს, შეისწავლან მათ საქმეებს და გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდიან. ამავე მიზნით, "ქართულ პარტიაში" იფუნქციონირებს შესაბამისი ჯგუფი, რომელშიც შევლენ მაღალკვალიფიციური იურისტები.
"საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულებებები დევნილების დასაცავად და ხელისუფლებას მოუწევს ამ ვალდებულებების შესრულება", - აცხადებს სოფიო ხორგუანი.
მისივე თქმით, "ქართული პარტია" მზად არის ითანამშრომლოს დევნილების პრობლემებით დაინტერესებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ ძალასთან.