საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში ხვალ დაიწყება.
ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის მთავარი დიპლომატი აზერბაიჯანელ კოლეგასა და პრეზიდენტს შეხვდება. ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იქნება.
რაც შეეხება ცენტრალური მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით კომპანია "სოკარის" მზადყოფნას, საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი, სავარაუდოდ არ გაიმართება, რადგან საკითხი ამ ეტაპზე სახელმწიფო დონეზე არ განიხილება.
"ამ საკითხზე მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, მაგრამ არა სახელმწიფო დონეზე. შესაბამისად, აზერბაიჯანში დაგეგმილ შეხვედრებზე არამგონია მასზე საუბარი გაიმართოს", - დასძინა კალანდაძემ.
აზერბაიჯანში გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი 2-დღიანი იქნება. საქართველოს მთავარი დიპლომატი ბაქოში დღეს საღამოს გაემგზავრება.