უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, 14 ოქტომბერს, რუსეთის საოკუპაციო არმიამ კვლავ შეუტია ოდესის საზღვაო პორტს, დაზიანდა ორი უცხოური სამოქალაქო გემი, დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლექსი კულებას განცხადებით, ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც სატვირთო გემი OPTIMA დაზიანდა. აღნიშნული ხომალდი, რომელიც პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს, ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად ერთი კვირის წინაც დაზიანდა. მაშინ ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა.
ოდესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ოლეგ კიპერის თქმით, დაშავებულები ახლა საავადმყოფოში იმყოფებიან, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. მისივე ცნობით, ყველა დაჭრილი და გარდაცვლილი პორტის ინფრასტრუქტურის მუშა იყო.