შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე დააკავეს ზვიად ჭუმბურიძე და მერაბ ჯინჭარაძე. სამართალდამცველებმა გაარვიეს, რომ ზვიად ჭუმბურიძემ თავის დროზე სარეალიზაციოდ შეიძინა 8 000 ფილა შოკოლადი „დავი", რომლის მცირე ნაწილის რეალიზაციაც მოახდინა, დარჩენილ 6700 ფილას ვადა გაუვიდა. ზ. ჭუბმურიძემ შეიძინა შესაფუთი მასალა, რომელზეც ვარგისიანობის ვადა ჯერ კიდევ არ იყო მითითებული, დაამზადა შტამპი - თარიღის მარკერი და ვადაგასული შოკოლადის ფილებს ახალი თარიღი დააწერა. ზ. ჭუმბურიძეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე შოკოლადის რეალიზაციაში მ. ჭინჭარაძე ეხმარებოდა.
საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საწყობებიდან და სარეალიზაციო ქსელიდან ვადაგასაული შოკოლადი ამოიღეს. ექტსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნეა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე და 198-ე მუხლებით, რომლებიც საერთო ჯამში ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.