ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა ჩრდილოეთ ისრაელში სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ჰაიფას სამხრეთით დასახლება ბინიამინა გივათ ადაში მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. დაშავებულტა შორის შვიდი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ლიბანურმა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების პრესსამსახურის ცნობით, დარტყმა ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა.
„ჰეზბოლა“ თავის განცხადებაში ახალი თავდასხმებით დაიმუქრა, თუ ისრაელის სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანში გაგრძელდება.
„მტერს ვპირდებით, რომ ის, რაც დღეს მოხდა ჰაიფას სამხრეთით, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას ელის, თუ ის გადაწყვეტს გააგრძელოს აგრესია ჩვენი კეთილშობილი ხალხის წინააღმდეგ“, - ნათქვამია წერილში.