კომუნიკაციების კომისიამ „რუსთვი 2“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის, ხოლო „ტელეიმედი“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
კერძოდ, „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, მაუწყებელმა არ განათავსა „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ მიერ მიწოდებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა.
რაც შეეხება „ტელეიმედს“, ამ შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, „ტელეიმედი“ არ ათავსებდა პარტიის ფასიან წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს. იმავე დღეს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, რომ „ტელეიმედი“ უარს აცხადებდა ოპოზიციის პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე.
საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს. ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება.
გარდა ამისა, „ტელეიმედმა“ 9 ოქტომბერს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი, მეთოდი, შესაძლო ცდომილების ფარგლები და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა უფასო იყო თუ ფასიანი. მოგვიანებით, 10 ოქტომბერს, გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას, კვლავ არ მიუთითა გამოკითხვის თარიღი, მეთოდი და შესაძლო ცდომილების ფარგლები.
საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ასევე, ორგანიზაცია რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები.
კომუნიკაციების კომისიამ შესწავლილი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ „რუსთავი 2“-სა და „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულია საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“, შესაბამისად, აღნიშნული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად სცნო და მათ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.