ნიკარაგუამ ისრაელთან დოპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება მიზეზად ისრაელის არმიის სამხედრო მოქმედებებს ასახელებს პალესტინის ტერიტორიებზე.
ნიკარაგუის ეროვნულმა ასამბლეამ, მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს ნიკარაგუის ხელისუფლებამ მიიღოს ზომები ღაზაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით.
ნიკარაგუის პარლამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აკრიტიკებს ისრაელის ხელისუფლებას და მას"კაცობრიობის მტერის", მათ ქმედებებს კი "კრიმინალურს" უწოდებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კონფლიქტი გავრცელდა რეგიონის სხვა ქვეყნებში, კერძოდ, ლიბანში, სირიაში, იემენსა და ირანში.
ნიკარაგუის პრეზიდენტის დანიელ ორტეგას ადმინისტრაცია მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს თეირანთან.
როგორც Reuters იხსენებს, ნიკარაგუის იზოლაცია გაიზარდა მას შემდეგ, რაც ორტეგამ ჩაახშო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები 2018 წელს, რის შედეგადაც ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების თანახმად, დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა
გასული წლის ნოემბერში ბოლივიამ ასევე გამოაცხადა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, მისმა მეზობლებმა კოლუმბიამ და ჩილემ კონსულტაციებისთვის ისრაელიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს. მაშინ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლივიის გადაწყვეტილებას ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ტერორიზმის წინაშე კაპიტულაცია უწოდა.