გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა.
„კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ჩატარდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, ფოტოხაფანგების გამოყენებისა და პირველადი მასალების დამუშავების, ტყის მართვის, კანონაღსრულების, GPS ნავიგატორის გამოყენების, მენეჯმენტის გეგმის ანგარიშგების, ტყის მავნებელთა და ფიტოპათოლოგიურ დაავადებათა მართვის სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მიზნად ისახავს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ასევე, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.
ტრენინგების ციკლის დასკვნით შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მენეჯერი ნათია ბერიძე დაესწრნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.