გერმანია ნატო-ს სამ სხვა ქვეყანასთან ერთად უკრაინისთვის 1,4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების დიდ პაკეტს ამზადებს, რომლის გადაცემასაც 2024 წლის ბოლომდე გეგმავენ.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია მეორე ადგილზეა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობით და აქტიურად ეხმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.
„წლის ბოლომდე, ჩვენი პარტნიორების - ბელგიის, დანიის, ნორვეგიის მხარდაჭერით, უკრაინას 1,4 მილიარდი ევროს ღირებულების კიდევ ერთ პაკეტს მივაწვდით. ის მოიცავს IRIS-T-ის, Skynex-ის თავდაცვის სისტემებს, „გეპარდებს, ჰაიბიცებს, საარტილერიო დანადგარებს, ჯავშანმანქნებს, საბრძოლო დრონებს, საბრძოლო მასალას“, - განაცხადა შოლცმა.
მან დასძინა, რომ გერმანია მომავალ წელს 4 მილიარდ ევროს გამოყოფს პირდაპირი ორმხრივი დახმარებისთვის.
ამასთან, შოლცმა ახსენა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები და ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის მრავალწლიან სესხს ამზადებენ, რომელიც დაიფარება რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან.
კანცლერმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინას შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს.