რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა გარდაიცვალა.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ ჟურნალისტი უკრაინაში უახლოეს მომავალში უნდა დაბრუნებულიყო.
„სამწუხაროდ, ინფორმაცია ვიქტორიას გარდაცვალების შესახებ დადასტურდა, ვიქტორიას ვიცნობდით. 2022 წელს მან მასალები მოამზადა საკოორდინაციო შტაბში, ამიტომ ეს ძალიან სამწუხარო ამბავია ჩვენთვის და მთელი უკრაინული ჟურნალისტიკისთვის“, - განაცხადა საკოორდინაციო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პეტრო იაცენკომ.
იაცენკოს თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი გარდაცვალების გარემოებებზე.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრიი იუსოვმა ასევე განაცხადა, რომ როშინა უნდა ჩართულიყო პატიმართა გაცვლის პროცესში.
მისი თქმით, ჟურნალისტი მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში უნდა გადაეყვანათ უკრაინაში დაბრუნებისთვის მოსამზადებლად.
”ის მალე სახლში უნდა ყოფილიყო, ამისათვის ყველაფერი გაკეთდა,” - განაცხადა იუსოვმა.